სოხუმის დაცემის და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავს მიეძღვნა აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული თემატური საღამო – ,,30-ე სევდიანი შემოდგომა”.
საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, საღამოს მონაწილეებმა – გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს სენაკის საამაყო შვილის ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული…
,,ჟიული შარტავამ თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ქვეყნის აღმშენებლობას და ბოლოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირა, რითაც საოცარი მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. სენაკი გმირების ქალაქია. ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია, ნოდარ კანკია – ამ პატარა კოლხური ქალაქის წიაღში გაზრდილი ჩვენი დროის გმირები არიან. ქვეყანას, რომელიც ასეთ მამულიშვილებს ზრდის, გადაშენება არ უწერია” – აღნიშნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
,,აფხაზეთი საქართველოა!” ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს …” – ეს გზავნილები გაჟღერდა 30-ე 27 სექტემბერს გმირების ქალაქში.