7 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობითა და ,,წისქვილი ჯგუფის“ ორგანიზებით, ძველ თბილისში, „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტი, ფეტივალს, წელს პირველად, მეგრული ფოლკლორით, ტრადიციული მეგრული სამზარეულოთი და ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენით შეუერთდა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა: ,,მუსიკელი“, ,,ეგრისი“; მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა: ,,გოგალაი“.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების – ვენერა ლიპარტიას და შპს ,,კონსტანტინე დისტილერის” – ახალგაზრდა მეწარმის, გურამ კილასონიას პროდუქცია.
ფესტივალს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, გვანცა მალანია დაესწრნენ.
„ქართული კუთხეების ფესტივალში“ 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ასევე თაფლის, ჩირის, ყველისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეები მონაწილეობდნენ.
ფესტივალმა იმერეთს, რაჭას, გურიას, სვანეთს, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთს უმასპინძლა. მონაწილეებმა, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩინეს მდიდარი ქართული ავთენტური მემკვიდრეობა.
,,ქართული კუთხეების ფესტივალს“ „წისქვილი ჯგუფმა“ 2023 წელს ჩაუყარა საფუძველი, რომლის მთავარი იდეაც, საქართველოს კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციაა.