საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი – “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…” წარადგინა.
სპექტაკლს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება ჰაკოფ ღაზანჩიანს ეკუთვნის;
ქორეოგრაფია – კოტე ფურცელაძეს;
სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან ხარშილაძე, მაია ხორნაული, ზურაბ შარია.
სპექტაკლში ემიგრანტული ცხოვრების სევდაა ასახული – ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში, ემიგრაციაში იმყოფება და 70 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადება. ის ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ მნიშვნელოვან დღეს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებს, მაგრამ, მარტო რჩება… სახეზეა იმედგაცრუება და სიმარტოვის განცდა. იგი, დის რჩევით, დაბადების დღეს მოზარდთა ზრუნვის დღის ცენტრში, მხიარულ გარემოში, ქართველ ემიგრანტებთან ერთად აღნიშნავს. სპექტაკლში ხაზგასმულია ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც მძაფრად იგრძნობა საქართველოდან შორს, ემიგრაციაში მყოფ ქართველებში.