სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით – დირქტორი, ანა ჭიჭაღუა, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა, დღე, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს.
დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ცენტრის მობილურმა ბრიგადამ სკრინინგ აქცია გამართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ კუპრეიშვილი, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, გიორგი ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.
ჰეპატიტების მსოფლიო დღე 28 ივლისს აღინიშნება
2015 წლის 21 აპრილს, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე – დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან უამრავი ადამიანი განიკურნა და საქართველო გლობალური ლიდერი გახდა.
საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულიად უფასოა და ყველა პაციენტისთვის – ხელმისაწვდომი.