რეგიონული თეატრების X საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საიუბილეო წიგნის პრეზენტაციით, საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალის პირველი დღე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ,,ქალი რეჟისორების მხარდამჭერი“ კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – ,,ლივ შტაინი” დასრულდა.
თეატრალურ ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, თეატრალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’;
ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე; დირექტორი – თენგიზ ხუხია; გენერალური მენეჯერი – ბექა ჯუმუტია; ფესტივალის ადმინისტრატორი და ღონისძიებების მენეჯერი – შიო აბრახამია.
27 ივლისს, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასისა და დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსის” დასის სპექტაკლები.
28 ივლისს, ფესტივალის სენაკური დღეების ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ერაყის თეატრალურ ჯგუფს ,,ჰავარი”.
რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”, დასრულდება.