დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი – ,,მომავლის ელჩები 2024’’ დასრულდა.
დასკვნით ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი, სალომე დოლიძე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მალხაზ ჭანტურია, მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის დირექტორთან, ნინო ჯანჯღავასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრნენ.
პროექტში, რომელიც უკვე მე-3 წელია ხორციელდება, წელს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
პროექტის ფარგლებში, დევნილი მოზარდები, დროს შემეცნებითად, ეფექტურად და ხალისიანად ატარებდნენ.
ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ინოვაციური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესი მოიცავდა მათ ჩართულობას შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მხიარულ თამაშებსა და სხვადასხვა სახის ვიქტორინებში, STEM მეცადინეობებს სენაკის ტექნოპარკში, ექსკურსიებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრებთან საინტერესო თანამშრომლობას და მათი მიწვევით, სპექტაკლებზე დასწრებას.
პროექტის ყველა მონაწილეს, დასკვნით საღამოზე, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.