საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ.
პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მათ, პირად შემადგენლობას, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა, პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.