სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, ,,მეწარმეთა და ფერმერთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, მორიგი აგროტური მოეწყო.
ადგილობრივი ფერმერები, მეწარმეები და დაინტერესებული პირები, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, კინჩხის ჩანჩქერთან და ოკაცეს კანიონთან მდებარე საოჯახო სასტუმროს ,,მწვანე გორდი“ ესტუმრნენ.
ტრენერმა, ეკა ჩიხლაძემ, აგროტურის მნიშვნელობაზე, სასტუმროს მართვისა და მენეჯმენტის, ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა, ელარჯის მომზადების მასტერკლასი კი – სენაკელმა მეწარმემ, ვენერა ლიპარტიამ ჩაატარა.
შეხვედრას, ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანანა გოფოძე, ხონის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ელისო ჯიქია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO Imereti) მდგრადობის და ხარისხის მართვის მენეჯერი, მამუკა ქარქაშაძე, პროექტების მართვის მენეჯერი, ლიკა ბერაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი, აგროტურის ორგანიზატორი, დალი ქაჩიბაია და აგროტურის მიზნობრივი ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
აგროტურის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში განხორციელება.
აგროტურის პროგრამა სენაკის მუნიციპალიტეტში, ვახტანგ გადელიას მერობის წლებში განახლდა.
2024 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, აგროტურის ფარგლებში, სენაკელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა მონაწილეობა მიიღეს გურჯანიის ღვინის ფესტივალზე.
2023 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში – 2 აგროტური, 2022 წელს კი – 4 აგროტური მოეწყო.