სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ დაიხურა.
გამოვლინდა გრან-პრის მფლობელი – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა, ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
თეატრალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა.
თეატრალურ ფესტივალში წელს, ათმა საჯარო სკოლამ და ახალგაზრდულმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა – ქალაქ სენაკის გენო ადამიას სახელობის პირველმა, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 , მე-3, მე-7, გეჯეთის, ქვემო ფოცხოს, თეკლათის, ნოქალაქევის, კოტიანეთის, უშაფათის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლების თეატრალურმა დასებმა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრ-სტუდიამ ,,მართვე”.
თეატრალური ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სასკოლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.
ოლიმპიადას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.