სენაკის მუსიკალური ფესტივალი დღეს აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალა კონცერტით და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიხურა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ხონის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, საჩხერეს, ბაღდადის, გომის, სამტრედიას, ტყიბულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის, ლანჩხუთის, ხელვაჩაურის, ტოლების, კულაშის, ჩოხატაურის, ხობის, აბაშის, ოზურგეთის, დიდი ჯიხაიშის, წყალტუბოს, ბაღდადის, ონისა და სენაკის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 3 000 -ზე მეტმა მოსწავლემ.
არტ-ფესტი 2025-ის გრან პრი წილად ხვდა რუსთავის ახალგაზრდულ გუნდს ,,თუთარჩელა”.
ფესტივალის ლაურეატის წოდება 45 შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს მიენიჭა, მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გოგონათა კაპელას, ხალხურ საკრავთა ჯგუფს ,, მორდუ”, საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლეს ლიკა კორსავას, გიტარის განყოფილების მოსწავლეებს: საბა გოგუას, გიორგი სოსელიას, გიორგი საჯაიას და ნიკოლოზ წირქვაძეს.
ფესტივალის სხვა მონაწილენი კი ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გალა კონცერტს და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუსიკალური ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალის ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციით დასრულდა.
სენაკის მუსიკალური ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით გაიმართა და მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე ვალერიან შიუკაშვილი.
სენაკის XII მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ანსამბლ ,,შვიდკაცას“ და თამარ გვერდწითელის კონცერტები, ქართული კლასიკური მუსიკის საღამო, მასტერკლასები და საქართველოს მასშტაბით მოქმედი სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა მოსმენა-შერჩევა.