აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა მიმდინარე პროგრამებსა და ახალ ინიციატივებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე, ასევე, სტიპენდიების პროგრამების გაფართოებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით, განაგრძობს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პირობების შექმნას. აღნიშნული პოლიტიკა ორიენტირებულია დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობისა და მათი საჭიროებების მხარდაჭერის მიმართულებით.