სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, ,,აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერი, ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ეთნო-სივრცე, ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები, გაიმართა გალა-კონცერტი.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები – ილია შამუგია, ზვიად ბარქაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მინისტრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დაესწრნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
„აფხაზეთობის კვირეული“ წელს, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, ხვალ კი – სენაკს უმასპინძლებს.