სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოზონები და თემატური დეკორაციები; გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჯგუფი „რერო“.
საღამოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის „მოდი ნახე“ რეჟისორი, მსახიობი გიორგი ჭანტურია უძღვებოდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუზეუმების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
,,მუზეუმები მხოლოდ წარსულის შემნახველი სივრცე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება, ცოდნა თაობებს გადაეცემა და ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება. სწორედ ამიტომ, მათი როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს და ყველას, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენი ისტორიული და კულტურულ-ეთნოგრაფიული საუნჯის დაცვასა და შენარჩუნებას,” – აღნიშნა სენაკის მერმა.
მუნიციპალიტეტის მერი, ღონისძიებას, მოადგილეებთან – ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან – ლევან უჩანეიშვილთან და მანანა გვიჩიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.