დღეს, სიმბოლურად, მხატვრის საერთაშორისო დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეას, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 30 წლის შემდეგ, მე-20 საუკუნის ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ტილო – ,,ზეიმი ქართლში“ დაუბრუნდა.
სახვითი ხელოვნების გალერეაში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად დაესწრო.
,,პროფესიულ დღესასწაულს – მხატვრის საერთაშორისო დღეს ვულოცავ მათ, ვინც ხელოვნების ამ გამორჩეულ სფეროს ემსახურება.
ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო სენაკელ მხატვრებს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ ქართული მხატვრობის განვითარების საქმეში, ვინც ახალი ხედვით და ფერებით ამდიდრებს ხელოვნების საგანძურს.
სიმბოლურია, რომ დღეიდან, გალერეის ოქროს ფონდს კიდევ ერთი შედევრი – ,,მხატვარ-მემატიანედ“ აღიარებული ლადო გუდიაშვილის ტილო – ,,ზეიმი ქართლში“ შეემატება“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
სენაკის საპატიო მოქალაქემ, ლერი კართხიამ მხატვრის საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და ლადო გუდიაშვილის ტილოს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა.
საღამოს უძღვებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლე, თამარ როდონაია.
საღამოს აკომპანირებას უწევდნენ მუსიკოსი, სალომე ბერიშვილი და მოწვეული მევიოლინე, მარიეტა ჩუბინიძე.
გალერეის საგამოფენო სივრცეში ასევე გამოფენილი იყო სენაკელი მხატვრების ნამუშევრები.