22 თებერვალს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, პირველად, არსებობიდან 142 წლის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე, ჟან-ბატისტ მოლიერის ,,ჰარპაგონი” წარმოადგინა.
სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთის მთავრობის, კულტურის სფეროს, თეატრალური საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი – აივენგო ჭელიძე.
კომედიის მეფედ წოდებულმა, „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელმა, ჟან-ბატისტ მოლიერმა, 1668 წელს დაწერა პიესა „ძუნწი“, რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „ჰარპაგონი“.
პიესის მთავარი თემაა ადამიანისა და საზოგადოების სწრაფვა მატერიალური კეთილდღეობისკენ და მის მოსაპოვებლად სულიერი, ადამიანური ღირებულებების უარყოფა.
მოლიერის სახელს უკავშირდება სენაკის თეატრის პირველი წარმოდგენაც – „ძალად ექიმი“, რომლის პრემიერა 1881 წელს გაიმართა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ჰარპაგონი“ სენაკის თეატრის რეპერტუარის ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა.