დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, საანგარიშო კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობას. გასული კვირის მანძილზე სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფარგლებში, დახმარება 405 ბენეფიციარს გაეწია.
ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმართულებით, დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებული და მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული – საგზაო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო, სპორტული, ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე პროექტები.
სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი 25 მაისს დასრულდება. პროგრამის ფარგლებში, 3 პროექტი დაფინანსდება.
რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს: დაწყებულია სამზადისი დამოუკიდებლობის დღისთვის. 26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საზეიმო, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობების გამართვა.