2 აპრილს, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, საზეიმოდ დაიხურა.
ოლიმპიადის დახურვისა და ნომინანტების გამოვლების საზეიმო ცერემონიალს, თეატრალები – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობები: ეკატერინე კოღუა და ლადო კოკაია უძღვებოდნენ.
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 13-მა სკოლამ და 200-მდე მოსწავლემ – სენაკის მუნიციპალიტეტის პირველი, მეშვიდე, გეჯეთის, ახალსოფლის, თეკლათის საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის, ზუგდიდის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ თეატრალთა ჯგუფებმა.
თეატრალური ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სასკოლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დარეჯან ზარანდიამ.
ოლიმპიადას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური, საგანმანათლებლო სფეროების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
გამოვლინდნენ გრან-პრის მფლობელი – გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური ჯგუფები; ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, სიმბოლურად, თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, საზეიმოდ გაიხსნა და 2 აპრილს დაიხურა.
ჩვენი ქალაქის თეატრალური ცხოვრების ისტორიაში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, წელს, პირველად ჩატარდა.
სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.