დღეს, სენაკში, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
,,ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი ორ მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან კვირას და 1991 წლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს.
,,მადლობა თავისუფლებისთვის“, ,,მადლობა სამაგალითო ერთობისთვის…“ – 35-ე 9 აპრილის გზავნილმა გაიჟღერა ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ორგანიზებით გამართულ თემატურ საღამოსა და გამოფენებზე.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.