დედამიწის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით გამართული გამწვანების აქცია, ფორუმი და მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგოეფექტური სკამის გახსნა.
პროექტის – „ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა კონფლიქტით დაზარალებული პირების ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გმირების სახელობის სკვერში, გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ბუნების ახალგაზრდა ქომაგებთან, დონორი ორგანიზაციებისა და შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
სკვერში 70 ნერგი დაირგო. გარემოსდაცვითი ღონისძიების მიზანი – ქალაქის გამწვანება, ბუნების დაცვა და ჯანსაღი გარემოს შექმნაა.
დღე, სენაკის ტექნოპარკში გამართულმა ფორუმმა დაასრულა, რომელსაც გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ თავმჯდომარე, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერი, პროექტის კოორდინატორი, თამარ მალანია უძღვებოდა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა, მანანა გვიჩიამ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კრიზისის პრევენციისა და აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ვარდიშვილმა, ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა, ანუკი ასათიანმა, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ირმა ადამიამ.
დედამიწის დღე სენაკში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში გაიმართა.