სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, გიორგი ჩხიკვაძეს და მწვრთნელებს: ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკელ ფალავანს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
22 მაისს, ბაქოში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი ჩხიკვაძემ, თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში, ლიეტუველ სავიცკასს სძლია და საქართველოს ნაკრებს, ტურნირზე, ოქროს მეორე მედალი მოუტანა.
წარმატებული სენაკელი სპორტსმენი გახლავთ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.