დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების წარმატებულ მოსწავლეს, ლიკა კორსავას, ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან და ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ლელა მიქაბაძესთან ერთად შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ლიკას, ბოლო თვეების მანძილზე მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ლიკამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, სადაც პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
წარმატებული გოგონა, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი” პირველი ადგილის მფლობელია და ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი, მას ასევე მიენიჭა სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ლაურეატის წოდება.
ლიკა კორსავა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეა.
ლიკას, ასევე, არაერთი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ – III პრემიის მფლობელი და ეროვნული კონკურსის ლაურეატი, ბახის სახელობის მე-7 ეროვნული კონკურსის II პრემიის მფლობელი, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ბავშვთა და მოზარდთა XV რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ II ადგილის მფლობელი და ფესტივალის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი.